ბათუმში ევროკოდების რეფორმაზე იმსჯელეს

საქართველოს მასშტაბით ევროკოდების შესახებ სემინარები გრძელდება. საინფორმაციო შეხვედრები “ელემენტ ჰოლდინგის”, “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა” და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„ელემენტ ჰოლდინგი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელსაც კონტრიბუცია შეაქვს სამშენებლო სექტორის განვითარებისთვის მიმართულ პროექტში: ინტელექტუალური და ფინანსურიც“,- აცხადებს ზაქრო ებელაშვილი, „ელემენტ ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი.

მორიგი შეხვედრა ქალაქ ბათუმში გაიმართა. სემინარი დარგის ექსპერტებმა ჩაატარეს, რომლის შემდეგ მათსა და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შორის აქტიური დისკუსია გაიმართა.

„ჩვენი პროგრამა საქართველოში ეკონომიკური პროფილის რეფორმებს ახორციელებს. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასა“ და „ელემენტ ჰოლდინგთან“ ერთად, აქტიურად ვართ ვმუშაობთ ევროკოდების დანერგვის საკითხზე.

„ელემენტ ჰოლდინგის“ ჩართულობა პროცესში მნიშვნელოვნად ამაღლებს რეფორმის მიმართ ნდობას და ასევე, გვაძლევს ძალიან ღირებულ რესურს. ჩნდება მათი მხრიდან პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა“, – აღნიშნავს თამარ მაჭავარიანი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის კომპონენტის ხელმძღვანელი.

სემინარზე მიღებული ინფორმაცია დაეხმარება სამშენებლო სექტორში დასაქმებულ პირებს: როგორც სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს, ისე – მუნიციპალიტეტებში შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულებს, რომ რეფორმის შედეგად არსებულ რეალობაში, უკვე მოქმედი სავალდებულო ევროკოდების ფარგლებში, შესაძლებელი გახდეს ახალი სტანდარტების შესაბამისი სამშენებლო პროცესის წარმართვა.

„ჩვენთვის, როგორც სამშენებლო დარგის მხარდამჭერი ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია შევაფასოთ რამდენად მზად იქნება სექტორი ახალი რეფორმისთვის და როგორ შეძლებს სტანდარტის პრაქტიკაში განხორციელებას. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები, რადგან დამსწრე აუდიტორია აერთიანებს ყველა მიზნობრივ სეგმენტს“, – განმარტავს ანა საბახტარიშვილი, “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი.

ევროკოდების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების ინფორმირებულობის დონის ზრდას.

Facebook
LinkedIn
Print