„ელემენტ ჰოლდინგმა“ პროფესიული უნარების მომზადება-გადამზადების ცენტრი გახსნა. სასწავლო დაწესებულების ამოქმედება USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პარტნიორობის ფარგლებში იქნა შესაძლებელი.
თანამშრომლობა საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, დასაქმების ხელმისაწვდომობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
საგანმანათლებლო დაწესებულება თბილისში, ა.ენუქიძის #7-ში მდებარეობს და იგი საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი.
„ელემენტ ჰოლდინგის“ პროფესიული მომზადება-გადამზადების ცენტრში ხელმისაწვდომია 8 განსხვავებული სამშენებლო მიმართულება: სამღებრო სამუშაოების შესრულება, ელექტროობა, რკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობა, საბათქაშე სამუშაოების წარმოება, ჰიდროსაიზოლაციო სისტემების მოწყობა, სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობის ხარისხის კონტროლი, ბეტონისა და სამრეწველო იატაკების მოწყობა, შრომის უსაფრთხოება მშენებლობაში.
დასახელებული პროფესიები „ელემენტ ჰოლდინგის“ მიერ სამშენებლო ბაზრის მოთხოვნების შესწავლის შედეგად შეირჩა. პროგრამებს უძღვებიან სამშენებლო ინდუსტრიის პროფესიონალები, რომლებმაც, თავის მხრივ, საერთაშორისო ტრენერებთან გაიარეს გადამზადება.