საქართველოში განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მზის ენერგიის პოტენციალის ეფექტიანად ათვისებისთვის „ელემენტ ჰოლდინგი“ და „ენოვუსი“ ერთიანდებიან. კომპანიებმა სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მზის ელექტროსადგურებისა და სხვა განახლებადი ენერგიის პროექტების ერთობლივ განვითარებას ითვალისწინებს.
თანამშრომლობა მოიცავს მზის ელექტროსადგურების შესაძლო ლოკაციებისა და ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიცირებას, პერსპექტიული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას, ერთობლივი კონცეფციების მომზადებას, პროექტირებას, მშენებლობასა და ექსპლუატაციაში გაშვების ხელშეწყობას.
„ელემენტ ჰოლდინგი“, როგორც სამშენებლო ინდუსტრიაში მრავალპროფილური ჯგუფი, პარტნიორობაში თანამედროვე სამშენებლო, საინჟინრო, საპროექტო და საწარმოო რესურსებით ერთვება. ჰოლდინგში შემავალი კომპანიების კომპეტენციები პროექტის სრულ სამშენებლო ციკლს მოიცავს.
„ენოვუსი“ კი მზის ელექტროსადგურების განვითარებისთვის საჭირო ენერგეტიკულ გამოცდილებასა და კომპეტენციას უზრუნველყოფს – პროექტის კონცეფციიდან მის ექსპლუატაციის ეტაპამდე.
მხარეები გეგმავენ ფორუმების, საჯარო დისკუსიებისა და ანალიტიკური მასალების მომზადებას, რათა ბიზნესისა და ინვესტორებისთვის განახლებადი ენერგიის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.




