„ელემენტ ჰოლდინგის“ პროექტის – „ევროკოდების შესწავლა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისთვის“ – ტრენინგების დასკვნითი ეტაპი დასრულდა.
საერთაშორისო ექსპერტების მენტორინგით განხორციელებულ ორეტაპიან აქტივობაში ქართველმა ინჟინერ-კონსტრუქტორებმა ევროკოდებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები შეისწავლეს და ევროპული გამოცდილება გაიზიარეს. სასწავლო ციკლი მიზნად ისახავდა სპეციალისტების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და თანამედროვე ევროპული სტანდარტების ქართულ სამშენებლო სექტორში დანერგვის ხელშეწყობას.
მენტორების შეფასებით, ევროკოდების ცოდნა ქართველ სპეციალისტებს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისა და ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაუფართოებს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს სამშენებლო კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობას, რადგან სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვაში გადამწყვეტი როლი სწორედ კერძო სექტორს ეკისრება.
მენტორებმა დადებითად შეაფასეს ქართველ სპეციალისტებთან თანამშრომლობა, მონაწილეთა ჩართულობა და მაღალი პროფესიული ინტერესი. მათი განცხადებით, „ელემენტ ჰოლდინგის“ ინიციატივამ ევროკოდების დანერგვით დაინტერესებული არაერთი მხარე გააერთიანა, რაც ევროპულ ნორმებთან ჰარმონიზაციისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ელემენტ ჰოლდინგი“ აქტივობას ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტ QUIS-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის „ევროკოდების შესწავლა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისთვის“ პარტნიორ მხარეებს კი წარმოადგენენ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA), საქართველოს ინჟინერ-კონსტრუქტორთა ასოციაცია (SEAG) და ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC).












