„ელემენტ ჰოლდინგი“ კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2024” გამარჯვებულია. კომპანიამ აღიარება პროექტით „სამშენებლო სექტორის მომზადება ევროკოდებისთვის“ მოიპოვა.

განხორციელებული აქტივობა კონკურსის ნომინაციას „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ ეკუთვნის, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარეობს. „ელემენტ ჰოლდინგის“ პარტნიორ მხარეს პროექტში „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.
„არსებულ დღის წესრიგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორული ინიციატივები, რომელთა მიზანიც სასიკეთო ცვლილებებია. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან“ ერთად, სწორედ მსგავსი ხასიათის პროექტი განვახორციელეთ. აქტივობებმა ერთი მხრივ, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები ევროკოდების დანერგვისთვის მოამზადა, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საინფორმაციო კამპანიამ, რომელმაც საქართველოს რეგიონებიც მოიცვა და ევროკოდების შესახებ ამომწურავი პასუხები გასცა დაინტერესებულ მხარეებს“, – ეკა მამამთავრიშვილი, „ელემენტ ჰოლდინგის“ მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2024“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებითა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.კონკურსის გამარჯვებულები ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.
ორგანიზატორთა განმარტებით, ღონისძიება ხაზს უსვამს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც პროგრესულ და თანამედროვე ღირებულებებზეა დაფუძნებული, ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.