„ელემენტ ჰოლდინგი“ განაგრძობს ევროკოდების რეფორმის ხელშემწყობ აქტივობებს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს. საქართველოში ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობისა და ინდუსტრიული მიმართულებით ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, GIZ ახორციელებს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტს ‘QUIS – უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება’.
“ევროკოდების შესწავლა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისთვის ”– პროექტის ფარგლებში შეირჩევიან უცხოელი ექსპერტები, რომლებიც 15 კომპანიის 25 კონსტრუქტორს გადაამზადებენ. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. ამასთან ერთად, ინიციატივა ევროკოდების (0, 1, 2 და 8) სასწავლო მასალის თარგმნა-ადაპტირებასა და ელექტრონული ვერსიის მომზადებას გულისხმობს. პროექტი ითვალისწინებს ევროკოდების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ მექანიზმებსაც.
განსაზღვრული აქტივობები ერთწლიანია. მნიშვნელოვანია, რომ მის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება ევროკოდების მიმართულებით სამშენებლო სექტორის ანალიზი. აღნიშნული კვლევა კი იქნება ერთგვარი რეკომენდაცია და ხელშემწყობი წინაპირობა შემდგომი ნაბიჯებისა და პროექტების განხორციელებისათვის.
„ელემენტ ჰოლდინგმა“ ევროკოდების რეფორმის მხარდაჭერა 2023 წელს დაიწყო. პარტნიორებთან ერთად, არაერთი მნიშნველოვანი აქტივობა განვახორციელეთ: საერთაშორისო ექსპერტების ჩამოყვანა, ტრენერთა ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით. ახალი პროექტით კი კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენი მიზნის მდგრადობას – ხელი შევუწყოთ სამშენებლო სტანდარტების ცვლილებასა და სექტორის სისტემურ განვითარებას“, – ზაქრო ებელაშვილი, „ელემენტ ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი.
„სამშენებლო სამუშაოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა აუცილებელია უსაფრთხო და საიმედო ინფრასტრუქტურის შექმნისთვის. ევროკოდებში კომპეტენციის გაძლიერებით და ევროპული სტანდარტების დანერგვის წახალისებით ეს პროექტი სამშენებლო სექტორში ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. პროექტი ითვალისწინებს სექტორულ ასოციაციებთან მჭიდრო პარტნიორობას, რაც მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად“, -‘QUIS – უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება’ პროექტის ხელმძღვანელი კრისტიან კაუფჰოლდი.
პროექტის „ევროკოდების შესწავლა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისთვის“ პარტნიორები არიან: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA), საქართველოს კონსტრუქტორ/ინჟინერთა ასოციაცია (SEAG) და ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC).
დაგეგმილი აქტივობები “ელემენტ ჰოლდგინგმა” პროცესით დაინტერესებულ მხარეებს 10 დეკემბერს წარუდგინა.









