თბილისი, 22 ოქტომბერი, 2026 – შენობები უსაფრთხო უნდა იყოს. ევროპული სტანდარტების დანერგვა კი მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს. სახლში ყოფნისას, ბავშვების სკოლაში გაგზავნისას, ხიდზე გადაადგილებისას თუ ოფისში მუშაობისას, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს ნაგებობები გაუძლებს დიდ დატვირთვას, ძლიერ ქარს, მიწისძვრებსა და სხვა რისკებს.
სწორედ აქ შემოდის ევროკოდები – საერთო ევროპული სტანდარტების ერთობლიობა, რომელიც ინჟინრებსა და არქიტექტორებს შენობების, ხიდებისა და სხვა ნაგებობების უსაფრთხოდ, მტკიცედ და საიმედოდ დაპროექტებაში ეხმარება. ისინი განსაზღვრავს მკაფიო წესებს, რომელთა მიხედვითაც ნაგებობები სხვადასხვა დატვირთვასა და ბუნებრივ საფრთხეს უნდა უძლებდეს, რაც ადამიანების უსაფრთხოებას უწყობს ხელს.
საქართველოში სამშენებლო პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ხელს შეუწყობს შენობების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, მშენებლობის ხარისხის ამაღლებასა და უფრო უსაფრთხო სახლების, სკოლების, სამუშაო სივრცეებისა და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის შექმნას.
ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, “ელემენტ ჰოლდინგთან” ერთად განხორციელებული ინიციატივის ფარგლებში, 25-მა ახალგაზრდა ინჟინერ-კონსტრუქტორმა გაიარა ევროკოდების მიმართულებით სპეციალიზებული სასწავლო კურსი. ოთხი ევროპელი ექსპერტის მიერ ჩატარებული 56-საათიანი ტრენინგის ფარგლებში, ინჟინრებმა შეისწავლეს, როგორ გამოიყენონ ევროპული სტანდარტები ყოველდღიურ საქმიანობაში. ტრენინგი მოიცავდა უსაფრთხო ნაგებობების დაპროექტების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა შენობებზე მოქმედი დატვირთვების განაწილება, ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტების პრინციპები და შენობების მიწისძვრებისადმი მდგრადობის გაზრდის გზები.
ინჟინრებმა შეიძინეს პრაქტიკული უნარები, რომლებიც მათ მომავალ სამშენებლო პროექტებში ამ სტანდარტების გამოყენებაში დაეხმარება. ინიციატივამ გააძლიერა თანამშრომლობა საქართველოს სამშენებლო სფეროს პროფესიონალებსა და დარგობრივ ასოციაციებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ევროპული სამშენებლო პრაქტიკის შესახებ ცოდნის გავრცელებას მთელ სექტორში.
„ევროპული სტანდარტების დანერგვა მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ ნიშნავს, ის ადამიანებისთვის უფრო უსაფრთხო გარემოს, უკეთეს ხარისხსა და ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ევროკოდების შესახებ ცოდნის გაღრმავება და მათი პრაქტიკაში გამოყენება მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების მქონე სამშენებლო სექტორის განვითარებისთვის. მოხარულნი ვართ, ამ ცოდნის გაზიარებით და ახალგაზრდა კონსტრუქტორ-ინჟინრებთან თანამშრომლობით, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას და ხელს უწყობს ევროპული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, რათა ქვეყნის მასშტაბით ადამიანებმა და პროფესიონალებმა ეს შესაძლებლობები საკუთარი საქმიანობისა და ცხოვრების გასაუმჯობესებლად გამოიყენონ. EU4Business ინიციატივის ფარგლებში, 2018 წლიდან დღემდე ევროკავშირმა 280 000-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გაუწია მხარდაჭერა. წელს ევროკავშირი, ახალი პროექტების განსახორციელებლად, 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოჰყოფს, რითიც განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში.“ – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.
„პროექტი სამშენებლო სექტორის გრძელვადიან განვითარებას ემსახურება. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელებულმა ტრენინგებმა, სასწავლო რესურსებზე მუშაობამ და გამოცდილების გაზიარებამ ხელი შეუწყო ევროკოდების უკეთ გააზრებასა და მათი პრაქტიკაში გამოყენებისთვის საჭირო კომპეტენციების გაძლიერებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიღებული ცოდნა რეალურ პროექტებში აისახოს და კიდევ უფრო ხარისხიანი, უსაფრთხო მშენებლობის საფუძველი გახდეს. მადლობა ევროკავშირს და GIZ-ის გუნდს და მხარდაჭერისთვის, პარტნიორ ასოციაციებსა და ორგანიზაციებს – თანამშრომლობისთვის, საერთაშორისო ექსპერტებს – გაზიარებული ცოდნისთვის, ხოლო მონაწილე ინჟინერ-კონსტრუქტორებს – აქტიური ჩართულობისთვის. სწორედ ერთობლივი ძალისხმევა ქმნის ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისა და სექტორის განვითარების შესაძლებლობას“, – აღნიშნა „ელემენტ ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა, ზაქრო ებელაშვილმა.
პროექტის შედეგები შეაფასა პროექტ QUIS-ის ეკონომიკური თანამშრომლობისა და კერძო სექტორის განვითარების მრჩეველმა ნინო მეფარიშვილმა: „მოხარულები ვართ, რომ QUIS-ის მხარდაჭერით პარტნიორმა ორგანიზაციამ განახორციელა ევროკოდების შესწავლისა და დანერგვის ხელშეწყობის ინიციატივა, რომელშიც მონაწილეობდნენ სექტორული ასოციაციები, საერთაშორისო ექსპერტები და ახალგაზრდა ინჟინერ-კონსტრუქტორები. ვფიქრობთ, რომ მსგავსი თანამშრომლობის მაგალითები ხელს შეუწყობს ევროპული სტანდარტების პრაქტიკაში დამკვიდრებას და შესაბამისად, სამშენებლო სექტორში ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას“.
ინიციატივა განხორციელდა „ელემენტ ჰოლდინგის“ მიერ, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის QUIS მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორ მხარეებს კი „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, „საქართველოს ინჟინერ-კონსტრუქტორთა ასოციაცია“ და „ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი“ წარმოადგენდნენ.
„ელემენტ ჰოლდინგი“ ევროკოდების რეფორმის მხარდაჭერაში 2023 წლიდან მონაწილეობს. ინიციატივის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გაზიარებული საერთაშორისო გამოცდილება ხელს უწყობს ევროპული სტანდარტების პრაქტიკაში გამოყენებასა და საქართველოს სამშენებლო სექტორის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას.