
“ელემენტ ჰოლდინგი” განაგრძობს სამშენებლო სფეროს განვითარებისთვის მიმართულ აქტივობებს. ამჯერად, მისი შვილობილი კომპანიები “ელემენტ ქონსთრაქშენი” და “ზერონი”, თბილისის არქიტექტურის ფორუმის მთავარ პარტნიორებს წარმოადგენენ.
ღონისძიების თემაა „მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება“. ფორუმი მიზნად ისახავს არქიტექტურის ტრადიციული საზღვრების გაფართოებას და იმ უხილავ ასპექტებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებიც ქალაქებსა და შენობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს: ემოცია, მეხსიერება, კულტურული ნარატივები და მდგრადი პრაქტიკები.
ღონისძიება შექმნის საერთაშორისო პლატფორმას, სადაც არქიტექტორები, ურბანისტები, დიზაინერები და სხვადასხვა დარგის პროფესიონალები იმსჯელებენ თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანული განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე.
ფორუმის მთავარ სპიკერებს მსოფლიო დონის არქიტექტორები და ინოვატორები წარმოადგენენ:
- მანუელა გატო (Zaha Hadid Architects);
- მარიოს ცილიაკოსი (Foster + Partners);
- ტიმ ფუ (Studio Tim Fu);
- სემ რაითი (WilkinsonEyre).
ღონისძიება ხორციელდება “სითიზენის” ინიციატივითა და მხარდაჭერით. “ელემენტ ჰოლდინგის” შვილობილ კომპანიებთან ერთად, ფორუმის მთავარი პარტნიორია ბრიტანეთის საელჩო.
„თბილისის არქიტექტურის ფორუმი“ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, 27 სექტემბერს გაიმართება.