პროფესიული გადამზადების კურსები სამშენებლო სფეროდან და გარანტირებული დასაქმება – უნიკალურ შესაძლებლობაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, “ელემენტ ჰოლდინგმა” დაინტერესებულ პირებთან შეხვედრების ციკლი დაიწყო.
საინფორმაციო კამპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. პირველი შეხვედრა კი ქალაქ რუსთავში გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლებმა სასწავლო კურსების შინაარსსა და უპირატესობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მსურველთათვის სწავლის ღირებულება თავად პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული.
პროექტს „ელემენტ ჰოლდინგი“ USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. მხარეთა მიზანს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება და დასაქმების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.
საინფორმაციო კამპანიის მორიგი შეხვედრა ქალაქ გორშია დაგეგმილი.
საქართველოს რეგიონებში, პროექტით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს, საკომუნიკაციო კომპანია “Comma” უზრუნველყოფს.